დროფშიფინგის მახასიათებლები
დროფშიფინგს ხშირად განიხილავენ ბიზნესის დაწყების მარტივ გზად დამწყებთათვის, რადგან მისი აწყობა მარტივია და დაწყება დიდ ხარჯებს არ მოითხოვს. თუმცა, დროფშიფინგი პროდუქტების მოძიების გავრცელებული მეთოდია მრავალი დიდი და წარმატებული ბიზნესისთვის.
დროფშიფინგს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ პოტენციური ნაკლოვანებებისა და მათი თავიდან აცილების გზების ცოდნა დაეხმარება შენს ბიზნესს წარმატების მიღწევაში. დარწმუნდი, რომ იცნობ დროფშიფინგის მახასიათებლებს, რათა სწორი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღება შეძლო.
დროფშიფინგის მახასიათებლები
| მახასიათებელი | უპირატესობები | ნაკლოვანებები |
|---|---|---|
| დაწყების სიმარტივე |
დაწყებაზე დახარჯული ნაკლები დრო ბევრი რესურსი დახმარებისთვის |
მეტი კონკურენცია |
| დაწყების დაბალი ხარჯები |
არ არის საწყობის, მარაგის ან კვლევის ხარჯები მეტი ხელმისაწვდომი სახსრები ბიზნესის მარკეტინგისა და პოპულარიზაციისთვის |
მეტი კონკურენცია |
| პროდუქტების ფართო არჩევანი |
გასაყიდი პროდუქტის მარტივად პოვნა შეთავაზებული პროდუქტების მარტივად შეცვლა |
შეიძლება რთული იყოს ბიზნესისთვის ფოკუსის შერჩევა |
| არ არის ხელთ არსებული მარაგი |
არ არის შენახვის ან საწყობის ხარჯები |
ხარისხის ნაკლები კონტროლი ნაკლები კონტროლი ბრენდინგზე |
| არ არის პროდუქტების დამოუკიდებლად გაგზავნის საჭიროება |
არ იხარჯება დრო შეფუთვაზე ან ეტიკეტების დაბეჭდვაზე |
შეკვეთები, რომლებიც შეიცავს პროდუქტებს რამდენიმე მომწოდებლისგან, ჩამოდის სხვადასხვა დროს |
დაწყების სიმარტივე
დროფშიფინგის მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მისი აწყობა შეიძლება მარტივი იყოს. თავდაპირველად, მხოლოდ პროდუქტების არჩევა, მათი გაყიდვისა და მარკეტინგის ადგილის პოვნა, და მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსების მიღწევა გჭირდება. გაყიდვის განხორციელების შემდეგ, დანარჩენს შენი მომწოდებელი აკეთებს.
რადგან დროფშიფინგის ბიზნესის დაწყება მარტივია, ასევე მარტივია კონკურენციის გაჩენაც. მეტი კონკურენცია ჩვეულებრივ იწვევს მოგების მარჟის შემცირებას, რადგან ბიზნესები ხშირად კონკურირებენ ყველაზე დაბალი ფასის ქონაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე დააფინანსე შენი უპირატესობა.
დაწყების დაბალი ხარჯები
დროფშიფინგის ბიზნესის საწყისი ხარჯები ჩვეულებრივ დაბალია. არ არსებობს ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მარაგთან, დასაწყობებასთან, კვლევასა და განვითარებასთან, ან საცალო ფართთან. ეს გაძლევს საშუალებას, ფოკუსირდე მარკეტინგზე და მომხმარებლებისთვის შეძენის კარგი გამოცდილების შექმნაზე.
დაწყების დაბალი ხარჯები ასევე იწვევს მეტ კონკურენციას. როდესაც მეტი კონკურენციაა, იღებ ნაკლებ შეკვეთას და ხშირად გჭირდება ფასების შემცირება, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნო.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე დააფინანსე შენი უპირატესობა.
პროდუქტების ფართო არჩევანი
დროფშიფინგის სერვისებით წვდომა გაქვს ათასობით პროდუქტზე, რომელთა დამატებაც შენს მაღაზიაში შეგიძლია. პროდუქტებს, რომლებსაც გასაყიდად ირჩევ, შენი პროდუქტების ხაზი ეწოდება. როდესაც გაქვს წვდომა პროდუქტების ფართო არჩევანზე, მარტივია შენი პროდუქტების ხაზის შეცვლა ნებისმიერ დროს, რაც საშუალებას გაძლევს სწრაფად მოახდინო რეაგირება ბაზრის ტენდენციებსა და მომხმარებელთა უკუკავშირზე.
თუმცა, შენი პროდუქტების ხაზში ბევრი სხვადასხვა პროდუქტის დამატებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს შენს ბიზნესზე. უმეტეს შემთხვევაში, აჯობებს გქონდეს ფოკუსი, ან ნიშა იმ ტიპის პროდუქტებისთვის, რომელთა გაყიდვასაც ირჩევ.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე აირჩიე პროდუქტები გონივრულად.
არ არის ხელთ არსებული მარაგი
როდესაც მარაგის შეკვეთა და მომარაგება თავად არ გიწევს, საწყობის ხარჯებს ზოგავ და შეგიძლია გაყიდვა დაუყოვნებლივ დაიწყო. არ დაგჭირდება საწყობებთან ანგარიშების გახსნა ან იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეფუთო პროდუქტები. შენახვასა და შეფუთვას შენ მაგივრად მომწოდებლები უზრუნველყოფენ.
ნაკლოვანება ის არის, რომ შენ ვერ აკონტროლებ პროდუქტების ხარისხს, შეფუთვის ბრენდინგსა თუ შეკვეთის დამუშავების სიჩქარეს. ეს ფაქტორები კი გეხმარება დადებითი შეფასებების მიღებასა და მომხმარებლების დაბრუნებაში, რაც ასე მნიშვნელოვანია შენი ბიზნესისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე მომწოდებლების გონივრულად არჩევა.
პროდუქტების თავად გაგზავნა აღარ დაგჭირდება
მიწოდება შესაძლოა ბიზნესის მართვის საკმაოდ რთული ნაწილი იყოს. პროდუქტების თავად გაგზავნის ნაცვლად მომწოდებლის გამოყენებით დიდ დროს დაზოგავ. გარდა ამისა, შეგიძლია ისარგებლო ტრანსპორტირების ფასდაკლებებით, რომლებზეც შენი მომწოდებლები გადამზიდავებთან არიან შეთანხმებული.
თუმცა, დაზოგილი დრო და თანხა შეიძლება დიდი შეკვეთების დამუშავებისას დაიკარგოს. მაგალითად, თუ მიიღებ შეკვეთას, რომელიც სხვადასხვა მომწოდებლის პროდუქტებს შეიცავს, თითოეულ მომწოდებელს უნდა გადაუხადო ტრანსპორტირების ღირებულება ყველა პროდუქტისთვის. მაგრამ, თუ პროდუქტები თავად გაქვს ხელთ, შეგიძლია ყველა ერთ ყუთში შეფუთო და გადაიხადო მხოლოდ ერთი ტრანსპორტირების ღირებულება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე პროდუქტების შეკვეთა საკუთარ ლოკაციაზე.
კარგად გამოიყენე უპირატესობები
ნებისმიერი, ვინც დროფშიფინგის ბიზნესს იწყებს, იღებს ამ უპირატესობებს, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა, რათა დარწმუნდე, რომ მათ მაქსიმალურად იყენებ.
გაუშვი შენი ბიზნესი ადრეულ ეტაპზე
ნორმალურია სურვილი, რომ მომხმარებლებისთვის ჩვენებამდე ბიზნესი სრულყოფილებამდე მიიყვანო. თუმცა, დროფშიფინგის მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლია ბიზნესის დაწყება.
რაც უფრო მალე აჩვენებ მომხმარებლებს შენს ბიზნესს, მით უფრო მალე მიიღებ უკუკავშირს, ისწავლი შეცდომებზე და გააუმჯობესებ შენს საქმიანობას. მაგალითად, შეიძლება დიდი დრო დახარჯო პროდუქტის კოლექციებისა და მთავარი მენიუს შექმნაზე და შემდეგ აღმოაჩინო, რომ მომხმარებლები შენს პროდუქტებს სრულიად სხვაგვარად ეძებენ და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწიოს.
რთულია იმის ცოდნა, თუ რა არის საუკეთესო შენი ბიზნესისთვის მომხმარებლების უკუკავშირის გარეშე. თუ ბიზნესს ადრეულ ეტაპზე გაუშვებ, შეძლებ მის განვითარებას მომხმარებლების უკუკავშირისა და მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.
დააფინანსე შენი უპირატესობა
ბიზნესის დასაწყებად დაბალი ხარჯების არსებობა ნიშნავს, რომ შეგიძლია დაზოგილი სახსრების ნაწილი კონკურენტებზე უკეთესი ბიზნესის აშენებას მოახმარო. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ჰკითხავ: „რით განვსხვავდები ჩემი კონკურენტებისგან?“ ამაზე პასუხის გაცემა შეიძლება რთული იყოს, თუ აქამდე არ გიფიქრია, მაგრამ არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლია კონკურენტებზე უპირატესობა მოიპოვო:
დამატებითი კონტენტი - შეგიძლია თავად შექმნა ან გადაუხადო კონტენტის შემქმნელს, რათა დაწეროს ბლოგპოსტები შენი პროდუქტების შესახებ, რაც დამატებით ღირებულებას შეუქმნის შენს მომხმარებლებს. ეს შეიძლება იყოს რჩევები პროდუქტების გამოყენების შესახებ, პროდუქტების შეფასებები ან თუნდაც ზოგადი ინფორმაცია იმ ნიშის შესახებ, რომელშიც შენი პროდუქტებია წარმოდგენილი.
მაგალითად, ყავის აპარატების გაყიდვის შემთხვევაში, კარგი იქნება ბლოგების სერია თითოეული ყავის აპარატის შეფასებებით და იმის მითითებით, თუ ვისთვის იქნება თითოეული მათგანი შესაფერისი. საკუთარი კრიტერიუმების შემუშავება, როგორიცაა საიმედოობა, ღირებულება, ზომა და საათში მომზადებული ყავის ჭიქების რაოდენობა, დაეხმარება მომხმარებლებს მეტი დამაჯერებლობით შეიძინონ შენი პროდუქტი. უნივერსიტეტის სტუდენტს შესაძლოა უნდოდეს იაფიანი აპარატი, რომელიც სწრაფად ამზადებს დიდი რაოდენობით ყავას, მაშინ როცა უნივერსიტეტის პროფესორს შეიძლება ერჩივნოს ერთი ფინჯანი უმაღლესი ხარისხის ყავა პატარა ოფისში სამუშაო დღის დასაწყებად.
ექსკლუზიური წვდომა მომწოდებლებთან - კონკურენციის შემცირების ერთ-ერთი გზაა წვდომის მოპოვება ისეთ მომწოდებლებთან, რომლებისგანაც ცოტა ბიზნესი ყიდულობს, ან ისეთ სავაჭრო ნიშნის მქონე პროდუქტებზე, რომელთა გაყიდვაც მხოლოდ რამდენიმე ბიზნესს შეუძლია. ეს გეხმარება დაბრუნებული მომხმარებლების მიღებაში, რადგან შენ ხარ ერთ-ერთი იშვიათი ადგილი, საიდანაც მათ შეუძლიათ ამ პროდუქტების შეძენა.
მაგალითად, თუ გსურს გაყიდო პროდუქტები, რომლებიც შეიცავს მცირერიცხოვანი, მაგრამ ლოიალური აუდიტორიის მქონე სატელევიზიო შოუს კონტენტს, შეგიძლია მოიპოვო ლიცენზია ამ შოუსგან, რათა გაყიდო პროდუქტები მათი პერსონაჟებით. ამ ლიცენზიის მიღება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ბევრი კონკურენტი არ გეყოლება და ბაზარზე მეტი კონტროლი გექნება.
შესანიშნავი შეძენის გამოცდილება - კონკურენტებისგან გამოყოფის ერთ-ერთი საუკეთესო გზა მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზებაა. თუ მომხმარებელი შენს მაღაზიაში მარტივად იპოვის სასურველ ნივთს და ისიამოვნებს შეძენის პროცესით, სავარაუდოდ, ის კვლავ შეიძენს შენთან და თავის გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებს.
აქ მოცემულია რამდენიმე შეკითხვა, რომლებიც შეგიძლია დაუსვა საკუთარ თავს:
- მარტივია თუ არა მომხმარებლებისთვის მათთვის სასურველი პროდუქტების პოვნა?
- მარტივია თუ არა ბიზნესთან დაკავშირება?
- მარტივი მოსაძებნია თუ არა პროდუქტის დეტალები, პროდუქტის შეფასებები, მიწოდების დრო, ტრანსპორტირების ღირებულება და მაღაზიის პოლიტიკა?
- ხელმისაწვდომია თუ არა გადახდის სხვადასხვა ვარიანტი?
- მოწოდებულია თუ არა თრექინგის ნომერი?
- ჩამოდის თუ არა პროდუქტი მითითებული მიწოდების დროის განმავლობაში?
- არსებობს თუ არა მომხმარებლის ლოიალობის პროგრამა?
ფოკუსირდი მარკეტინგზე
ორ ბიზნესს შეუძლია ზუსტად ერთი და იგივე პროდუქტების გაყიდვა, მაგრამ ის, რომელიც საკუთარი პროდუქტების მარკეტინგს ეწევა, სავარაუდოდ, უფრო წარმატებული იქნება. ბიზნესის ონლაინ წარმომადგენლობის შექმნის შემდეგ, დროფშიფინგის ბიზნესი მარკეტინგზე ფოკუსირების საშუალებას გაძლევს.
მომხმარებლების მოძიება შეიძლება რთული იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სცადო რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტიპის მარკეტინგი. Shopify მრავალ რესურსს გთავაზობს დასახმარებლად, ხოლო Shopify App Store-ში ბევრი აპია შექმნილი, რომლებიც მომხმარებლების პოვნაში დაგეხმარება:
აირიდე ნაკლოვანებები
მიუხედავად იმისა, რომ დროფშიფინგს გარკვეული ნაკლოვანებები აქვს, უმეტესწილად მათი თავიდან აცილება შესაძლებელია. გაეცანი შემდეგ სტრატეგიებს, რომლებიც დაგეხმარება ამ ნაკლოვანებების თავიდან აცილებაში.
გონივრულად აირჩიე პროდუქტები
შენი პროდუქციის ხაზისთვის პროდუქტების შერჩევა შესაძლოა რთული იყოს, რის გამოც ზოგიერთი ბიზნესი ცდილობს რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა პროდუქტი გაყიდოს. ამ სტრატეგიამ შესაძლოა იმუშაოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის უფრო აზიანებს ბიზნესს, ვიდრე ეხმარება.
რთულია ბიზნეს ბრენდის აშენება ყველა შესაძლო პროდუქტის გაყიდვის გარშემო. რადგან ინტერნეტში უკვე არსებობს დამკვიდრებული მარკეტფლეისები, სადაც პროდუქტების უზარმაზარი მრავალფეროვნების პოვნაა შესაძლებელი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებ ყველა მომხმარებლის მოლოდინის გამართლებას.
გარდა ამისა, ინტერნეტის საძიებო სისტემებისთვის რთულია იმის დადგენა, თუ როდის აჩვენონ შენი ბიზნესი მომხმარებლებს. თუ 100 სხვადასხვა პროდუქტი გაქვს, რომლებსაც არცერთი საერთო თემა ან საკვანძო სიტყვა არ აკავშირებს, მაშინ საძიებო სისტემამ არ იცის, როდის აჩვენოს შენი ბიზნესი მომხმარებლებს.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გქონდეს ერთი ან ორი პროდუქტი, რომელიც შეესაბამება ძიებას, სხვა ბიზნესი, სავარაუდოდ, მთლიანად ამ საკვანძო სიტყვებზე იქნება ფოკუსირებული და მათი ბიზნესი შენსაზე ადრე გამოჩნდება. თუ მხოლოდ სამი ან ოთხი საკვანძო სიტყვა გაქვს, რომელზეც ფოკუსირდები, საძიებო სისტემებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ რას ყიდის შენი მაღაზია და უფრო დიდი ალბათობით აჩვენებენ შენს ბიზნესს, როდესაც ვინმე ამ საკვანძო სიტყვებს მოძებნის.
მაგალითად, შეიძლება გქონდეს პროდუქტების ფართო ასორტიმენტი სტუდენტებისთვის, რომლებსაც საერთო საცხოვრებლის ოთახის მოწყობა სჭირდებათ. მათ სჭირდებათ სამზარეულოს ჭურჭელი, მარტივი ავეჯი, კედლის დეკორაციები და ასევე სასკოლო ნივთები. შემდეგ შეგიძლია გამოიყენო საკვანძო სიტყვების ისეთი პოპულარული ინსტრუმენტი, როგორიცაა Google Trends, რათა ნახო, რომელი საკვანძო სიტყვები იძებნება ყველაზე მეტად ამ ტიპის პროდუქტების მოძიებისას.
გონივრულად აირჩიე მომწოდებლები
მომწოდებლები შენი ბიზნესის დიდ ნაწილს მართავენ. ეს ნიშნავს, რომ მომწოდებლის ხარისხი შენი ბიზნესის ხარისხზე აისახება. მომხმარებელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვლავ შეუკვეთავს შენი ბიზნესიდან, თუ ცუდი გამოცდილება ექნება, თუნდაც ამ ცუდი გამოცდილების მიზეზი შენი მომწოდებელი იყოს და არა შენ.
უნდა წაიკითხო პოტენციური მომწოდებლების შეფასებები, გაეცნო მათ პოლიტიკას და გაესაუბრო მათ ხარისხის შესაფასებლად. სანდო მომწოდებლებთან მუშაობა უზრუნველყოფს, რომ მიაწოდო კარგი ხარისხის პროდუქტები, შენს შეკვეთებს არ დაემატოს ზედმეტი ბრენდინგი და შეკვეთები სწრაფად დამუშავდეს.
შეუკვეთე პროდუქტები საკუთარ ლოკაციაზე
მიუხედავად იმისა, რომ დროფშიფინგის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მარაგს შენი მომწოდებელი მართავს, არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა განიხილო რამდენიმე პროდუქტის შენს ლოკაციაზე შეკვეთა:
თავად შეაფასე პროდუქტის ხარისხი: პროდუქტის შეფასება კარგად მიუთითებს მის ხარისხზე, თუმცა მაინც ვერ იქნები დარწმუნებული, სანამ თავად არ ნახავ. ამასთან, შეგიძლია ნახო პროდუქტის შეფუთვა და ის, ამატებს თუ არა მომწოდებელი საკუთარ სარეკლამო მასალებს.
დიდი შეკვეთების დამოუკიდებლად გაგზავნა: თუ მომხმარებელი სხვადასხვა მომწოდებლისგან უკვეთავს პროდუქტებს, თითოეულ მომწოდებელს მიწოდების საფასური უნდა გადაუხადო. თუ ეს პროდუქტები უკვე გაქვს, შეგიძლია, ერთ ყუთში მოათავსო ისინი და მომხმარებლისთვის მისაწოდებლად ტრანსპორტირების ღირებულება მხოლოდ ერთხელ გადაიხადო. თუ ამ მეთოდის გამოყენებას გეგმავ, კარგი სტრატეგიაა მომწოდებელთან დაკავშირება და გაგება, შემოგთავაზებს თუ არა ის უფასო მიწოდებას, როცა პროდუქტებს შენთვის უკვეთავ.
გამოსცადე მომხმარებლის შეკვეთის პროცესი: უნდა ნახო, რას გადიან მომხმარებლები, როცა პროდუქტებს შენი მაღაზიიდან უკვეთავენ. იმის გაგება, თუ რა სისწრაფით ამუშავებენ შეკვეთებს შენი მომწოდებლები, დაგეხმარება სწორი მოლოდინების შექმნაში მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეკვეთის შეტყობინების ელფოსტაში.
მაგალითად, თუ ხედავ, რომ შენს მომწოდებელს შეკვეთის დასამუშავებლად 4-6 დღე სჭირდება, შეკვეთის დადასტურების ელფოსტაში შეგიძლია შეატყობინო მომხმარებლებს, რომ მიწოდების დადასტურების ელფოსტას 4-6 დღეში უნდა ელოდონ. მომხმარებლებს შეკვეთის შესახებ ყოველთვის ბევრი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, რათა შენი ბიზნესისგან შეკვეთისას თავი დაიმედებულად იგრძნონ.