პროდუქტის ფოტოების გადაღება

მაღაზიაში მაღალი ხარისხის პროდუქტის ფოტოების გამოყენება მომხმარებლებს აჩვენებს, თუ რას მიიღებენ პროდუქტის შეძენისას. შენი ონლაინ მაღაზია უფრო პროფესიონალურად გამოიყურება კარგი ხარისხის პროდუქტის ფოტოგრაფიით და მას შეუძლია გაზარდოს მომხმარებლის ნდობა შენი ბრენდის მიმართ.

თუ სახლში კარგი ხარისხის ფოტოების გადაღება გსურს, არსებობს რამდენიმე ინსტრუმენტი და ნაბიჯი, რომლებიც შეგიძლია გამოიყენო საუკეთესო შედეგების მისაღებად.

ფოტოგრაფიის ტერმინების განმარტებები

  • დიაფრაგმა (Aperture) - დიაფრაგმა არის კამერის ობიექტივის ხვრელი, რომელშიც სინათლე გადის კამერაში მოსახვედრად. მისი ზომის შეცვლა შესაძლებელია სენსორამდე ან ფირამდე მიღწეული სინათლის რაოდენობის გასაკონტროლებლად. დიაფრაგმის დიამეტრი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც f-stop, გავლენას ახდენს ექსპოზიციასა და ველის სიღრმეზე.
  • დიაფრაგმის პრიორიტეტი (Aperture priority) - დიაფრაგმის პრიორიტეტი არის კამერის რეჟიმი, სადაც დიაფრაგმას ხელით აყენებ, ხოლო კამერა ავტომატურად ირჩევს ჩამკეტის სიჩქარეს.
  • ველის სიღრმე (Depth of field) - ველის სიღრმე განსაზღვრავს მკვეთრი ფოკუსის არეალს. უფრო დაბალი f-stop ქმნის შედარებით მცირე ველის სიღრმეს, ანუ ფოკუსირებულ არეს.
  • ექსპოზიცია (Exposure) - კამერის ექსპოზიცია არის სინათლის საერთო რაოდენობა, რომელიც აღწევს ფირზე ან კამერის სენსორზე სურათის გადაღებისას. ის განსაზღვრავს ფოტოსურათის საერთო სიკაშკაშეს ან სიბნელეს.
  • F-stop - F-stop არის ობიექტივის ფოკუსური მანძილი. F-stop განსაზღვრავს კამერის დიაფრაგმის ხვრელიდან სენსორზე მოხვედრილი სინათლის რაოდენობას.
  • ISO - ISO აკონტროლებს სენსორის მგრძნობელობას. რაც უფრო მაღალია ISO, მით მეტია ხმაური (noise). ხშირად ყველაზე დაბალი ISO, რომელზეც კამერის დაყენება შეგიძლია, არის ISO 100, ამიტომ, თუ შესაძლებელია, დააყენე ამ ნიშნულზე.
  • ჩამკეტის სიჩქარე (Shutter speed) - ჩამკეტის სიჩქარე არის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ობიექტივი ღია რჩება და კამერის სენსორზე სინათლე ხვდება ფოტოს გადაღებისას. ჩამკეტის დაბალი სიჩქარე ასახავს მოძრავი ობიექტების ბუნდოვანებას. ჩამკეტის მაღალი სიჩქარე კი დროის ერთი მილიწამის გაყინვის საშუალებას გაძლევს.
  • თეთრის ბალანსი (White balance) - თეთრის ბალანსი არის სურათის კორექტირება სცენის განათების ტემპერატურის კომპენსირების მიზნით. კამერები გვთავაზობენ რამდენიმე წინასწარ დაყენებულ მნიშვნელობას განათების ყველაზე გავრცელებული ტიპების მიხედვით, თუმცა მისი ხელით დაყენებაც შესაძლებელია გადაღების დროს ან მის შემდეგ.

ინსტრუმენტები პროდუქტის ფოტოგრაფიისთვის

კარგი ფოტოსურათი იქმნება არჩევანის ერთობლიობით, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებებს განათების, ექსპოზიციის, სტილისა და პოსტ-პროცესინგის შესახებ.

თუ გსურს სახლიდან რაც შეიძლება პროფესიონალური ფოტოების გადაღება, შეიძლება დაგჭირდეს შემდეგი აღჭურვილობის ნაწილის ან სრულად გამოყენება:

  • სწორი ლოკაცია (ოთახი ფანჯრით)
  • კამერა
  • შტატივი
  • მაგიდა
  • თეთრი ფონი
  • წებოვანი ლენტი
  • ქაფმუყაოს ან ქაღალდისგან დამზადებული თეთრი ამრეკლავი ბარათები

1. ლოკაციის შერჩევა

თუ ფოტოგრაფიის ექსპერტი არ ხარ და არ გაქვს ფოტოგრაფიული განათება, დაგჭირდება ფანჯრიანი ოთახი, რომლის გვერდითაც ფოტოებს გადაიღებ. შიდა განათების ნათურებს და კამერის ჩაშენებულ განათებას შეუძლია შექმნას მკვეთრი კონტრასტი, შუქის არეკვლა და არასასურველი ფერთა ცვლილებები შენს ფოტოებზე.

შეგიძლია აღჭურვილობა ფანჯარასთან უფრო ახლოს განათავსო, რათა შექმნა უფრო რბილი შუქი მუქი, რბილი ჩრდილებით. ასევე, შეგიძლია აღჭურვილობა უფრო შორს დადგა, რათა მიიღო უფრო თანაბარი შუქი, მაგრამ უფრო მკვეთრი, ღია ჩრდილებით.

2. კამერის შერჩევა

პროდუქტის ფოტოები ხელმისაწვდომი საუკეთესო კამერით უნდა გადაიღო.

მართალია, მაღალი ხარისხის კამერით უკეთესი ხარისხის სურათების მიღებაა შესაძლებელი, მაგრამ კარგი შედეგისთვის პროფესიონალური დონის აღჭურვილობა არ არის აუცილებელი. შეგიძლია გამოიყენო ხელმისაწვდომი ფასის მქონე DSLR, კომპაქტური კამერა ან შენი სმარტფონი.

3. შტატივის შერჩევა

კამერის სტაბილიზაციისთვის შესაძლოა შტატივი დაგჭირდეს. შტატივის ქონა უფრო მნიშვნელოვანია კამერის ხელით სამართავი პარამეტრების გამოყენებისას, განსაკუთრებით კი განათების ნაკლებობის პირობებში.

მაგალითად, თუ სმარტფონს ძალიან დიდი ფანჯრის წინ იყენებ, შეიძლება შტატივი არ დაგჭირდეს, თუმცა სტაბილურობისთვის ის მაინც სასარგებლოა.

თუ ხელით სამართავ DSLR-ს იყენებ, შეიძლება კამერის სტაბილიზაციისთვის შტატივი დაგჭირდეს, რათა გამოიყენო ძალიან მცირე დიაფრაგმა (aperture) და ჩამკეტის უფრო ნელი სიჩქარე. ამ პარამეტრების გამოყენებისას შუქი მაქსიმალურად შემოდის, ველის სიღრმე კი იზრდება, მაგრამ ამავდროულად ჩნდება კამერის მოძრაობით გამოწვეული გაბუნდოვნების რისკი.

4. ზედაპირის შერჩევა

შეგიძლია გამოიყენო ფანჯარასთან ახლოს მდგარი ნებისმიერი მაგიდა. პროდუქტის ფოტოგრაფიისთვის მაგიდის კარგი, სტანდარტული სიგანე 24-დან 27 ინჩამდეა.

5. თეთრი ფონის შექმნა

ვიზუალური ყურადღების გამფანტავი ობიექტების მოშორებით დარწმუნდი, რომ პროდუქტები ფოტოს მთავარ ფოკუსშია. სუფთა თეთრი ფონის გამოყენება უზრუნველყოფს, რომ შენი პროდუქტი ყურადღების ცენტრში მოექცეს.

ბიუჯეტიდან გამომდინარე, ფონის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. მოძებნე თეთრი პოსტერის დაფა ადგილობრივ საკანცელარიო მაღაზიებში ან მოიძიე ონლაინ.

ასევე შეგიძლია შეიძინო უფრო პროფესიონალური ფოტოგრაფიული ფონი (ეგრეთ წოდებული sweep — უნაკერო ფონი), რომელიც წარმოადგენს რულონზე დახვეულ ქაღალდს. თუ პროდუქტის ფოტოგრაფიაზე აქტიურად მუშაობას აპირებ, ასეთი ფონი ძალიან გამოგადგება, რადგან გამოყენებული ნაწილის დასვრის შემთხვევაში შეგიძლია მისი მოჭრა და ახალი ნაწილის გადმოშლა.

6. მოწყობილი გარემოს წებოვანი ლენტით დაფიქსირება

მაგიდის ტიპის მიხედვით, დაფის ან ქაღალდის ფონის დასამაგრებლად შეგიძლია გამოიყენო წებოვანი ლენტი ან სამაგრები, რათა დაფა ან ქაღალდი 90 გრადუსიანი დახრილობით სათანადოდ დაფიქსირდეს.

7. ამრეკლავი ბარათის გამოყენება

თუ გსურს, ფოტოზე შუქი უკეთ აკონტროლო, შეგიძლია გამოიყენო თეთრი ქაფმუყაო სინათლის ასარეკლად ან შავი ქაფმუყაო — შუქის შთანთქმისთვის.

როდესაც შენს პროდუქტს ბუნებრივი შუქით ანათებ, იქმნება ნათელი მხარე (სადაც შუქი ეცემა) და ჩრდილის მხარე. ზოგჯერ ჩრდილის მხარე შეიძლება ძალიან მუქი იყოს, ამიტომ შეგიძლია თეთრი ნივთი გამოიყენო, რათა შუქი ისევ ჩრდილებისკენ აირეკლოს და ისინი უფრო ნათელი გახდეს.

გარდა ამისა, ჩრდილების გასამუქებლად შეგიძლია შავი ქაფმუყაო გამოიყენო. ეს დაგეხმარება მაშინ, თუ თეთრ პროდუქტს თეთრ ფონზე იღებ. შეგიძლია შავი ქაფმუყაო ფოტოს საზღვრებს გარეთ, პროდუქტის უკან და გვერდებზე დაამატო, რათა თეთრ პროდუქტზე მუქი კონტურები შექმნა.

ქაფმუყაოს შეძენას საკანცელარიო ან ხელოვნების ნივთების მაღაზიაში შეძლებ. ასევე შეგიძლია უბრალოდ თეთრი საბეჭდი ქაღალდის ფურცელი დააფიქსირო ან პოსტერის დაფის ნაჭერი გამოიყენო.

ფოტოგრაფიის პარამეტრები და ტექნიკები

ქვემოთ მოცემულია ნაბიჯები, რომლებიც გადასაღები გარემოს შესაქმნელად და კამერის პარამეტრების დასარეგულირებლად შეგიძლია გადადგა:

  1. მაგიდის მოწყობა
  2. ფონის (sweep) მოწყობა
  3. კამერის პარამეტრების დარეგულირება
  4. პროდუქტის განთავსება
  5. ამრეკლავი ბარათის განთავსება
  6. სურათის გადაღება და შეფასება
  7. სურათების რეტუშირება
  8. სურათების ვებსაიტისთვის ოპტიმიზაცია

1. მაგიდის მოწყობა

დადგი მაგიდა ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს, ისე რომ რაფის ჩრდილში არ მოხვდეს. დაიწყე იმით, რომ ფანჯარა შენი სამუშაო გარემოსგან მარჯვნივ ან მარცხნივ 90 გრადუსით იყოს. დარწმუნდი, რომ შენს მოწყობილ სივრცეს მზის მკვეთრი, პირდაპირი შუქი არ ეცემა.

განსხვავებული ბუნებრივი განათების მისაღებად შეგიძლია სცადო გარემოს შემოტრიალება ისე, რომ ფანჯარა მის მიმართ 45-გრადუსიან კუთხეს ქმნიდეს, ან პირდაპირ უყურებდეს მას.

ოთახში, სადაც ფოტოებს იღებ, გამორთე ყველა სხვა განათება, რადგან ზედმეტი შუქი გადასაღები სივრცის განათებას გააფუჭებს.

2. ფონის (sweep) მოწყობა

თუ გინდა უნაკერო თეთრი ფონი, სასურველია, ფონი ამოამრგვალო. პროდუქტის ფოტოგრაფიაში ფონის ამოამრგვალება (sweeping) ნიშნავს მუყაოს ან ქაღალდის ისე მოწყობას, რომ ის მაგიდის ბრტყელი ზედაპირიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში რკალისებურად გადადიოდეს. ამ ფორმის მისაღებად შეიძლება მუყაოს დახვევაც დაგჭირდეს.

მოწყობის ერთ-ერთი ვარიანტია კედელთან მიდგმული მაგიდა და კედელსა და მაგიდაზე წებოვანი ლენტით დამაგრებული ფონი. თუ კედელი არ გაქვს, შეგიძლია ისეთი კონსტრუქცია გააკეთო, რომელზეც ფონის უკანა ნაწილს დააფიქსირებ.

განათავსე პროდუქტი ცენტრში, ფონის ბრტყელ ნაწილზე და დატოვე საკმარისი ადგილი თეთრი ამრეკლავი ბარათის მოგვიანებით დასამატებლად.

3. კამერის პარამეტრების დარეგულირება

ექსპოზიციის პარამეტრების დარეგულირებამდე დარწმუნდი, რომ კამერაზე დაყენებულია შემდეგი პარამეტრები:

  1. დააყენე თეთრის ბალანსი (WB) ავტომატურ რეჟიმზე.
  2. გამორთე კამერის განათების (flash) პარამეტრი.
  3. დააყენე სურათის პარამეტრები უმაღლეს ხარისხზე. მოძებნე L, რაც ნიშნავს დიდ (Large) ზომას (size), და აირჩიე ზემაღალი (Superfine) ხარისხი.
  4. დააყენე ISO 100-ზე.

ვარიანტი A: დააყენე კამერა ხელით მართვის (M) რეჟიმზე

ფოტოგრაფიაზე ყველაზე დიდი კონტროლი გაქვს მაშინ, როცა ხელით მართვის რეჟიმს იყენებ. ამ რეჟიმში დიაფრაგმას (f-stop) და ჩამკეტის სიჩქარეს ცალ-ცალკე აყენებ.

ნაბიჯები:

  1. დააყენე დიაფრაგმა (f-stop) ყველაზე მაღალ რიცხვზე, რაც ველის ყველაზე დიდ სიღრმეს მოგცემს.
  2. დაარეგულირე ჩამკეტის სიჩქარე ისე, რომ ის საკმარისად ნათელი იყოს და სურათის წინასწარი ნახვისას ექსპოზიცია სწორად აისახოს.

ვარიანტი B: გამოიყენე დიაფრაგმის პრიორიტეტის (AV) რეჟიმი

დიაფრაგმის პრიორიტეტის რეჟიმში აყენებ f-stop-ს, კამერა კი თავად არეგულირებს ჩამკეტის სიჩქარეს შენ მიერ არჩეული f-stop-ის შესაბამისად.

ნაბიჯები:

  1. დააყენე f-stop უმაღლეს ნიშნულზე.
  2. არასავალდებულო: თუ კამერის მიერ შერჩეული ჩამკეტის სიჩქარე არასწორი გეჩვენება, შესაძლოა ექსპოზიციის კომპენსაციის ღილაკის გამოყენება დაგჭირდეს სინათლის დასამატებლად.

ვარიანტი C: ავტომატური ექსპოზიცია

  1. თუ ექსპოზიციის კომპენსაციის ღილაკი გაქვს, სწორი ექსპოზიციის მისაღებად შეიძლება +1-ის ან +1½-ის დამატება დაგჭირდეს. თუ მხოლოდ წინასწარ დაყენებული რეჟიმების არჩევა შეგიძლია, სცადე დაბალი განათების რეჟიმის არჩევა, როგორიცაა Sunset.

4. პროდუქტის განთავსება

დაუთმე დრო გადასაღებ სივრცეში პროდუქტის სათანადოდ განთავსებას. გადაიღე რამდენიმე სატესტო ფოტო, რათა დარწმუნდე, რომ პროდუქტის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ჩანს. შესაძლოა ბევრი მცირე მოძრაობა დაგჭირდეს, რომ კამერის ხედვიდან ყველაფერი იდეალურად გამოჩნდეს.

მაგალითად, თუ შენი პროდუქტი ბოთლია, ყურადღება მიაქციე, რომ ეტიკეტი ცენტრში იყოს.

5. ამრეკლი ბარათის განთავსება

თუ თეთრ ამრეკლ ბარათს იყენებ, მოსინჯე სხვადასხვა კუთხე, რათა დააკვირდე, როგორ ცვლის ის განათებას. სინათლე აირეკლება ბარათიდან და ავსებს ჩრდილებს.

6. სურათის გადაღება და შეფასება

როდესაც პირველ სურათებს გადაიღებ, დაუთმე დრო მათ დათვალიერებას. დაფიქრდი, რა მუშაობს, რა არ მუშაობს და რისი გაკეთება შეგიძლია მის გასაუმჯობესებლად.

გადაიღე რამდენიმე რაკურსიდან, რათა მომხმარებლებს პროდუქტის სხვადასხვა პერსპექტივა შესთავაზო. ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება ახლოდან გადაღებული სურათები ერჩივნოს, სხვებს კი — ერთეულების პირდაპირ დათვალიერება.

კამერის ზოგიერთი რაკურსი, რომლებიც შეგიძლია სცადო:

  • თვალის დონეზე, რომელიც პროდუქტს ისე აჩვენებს, როგორც მას პირდაპირ შეხედავდი.
  • მაღალი რაკურსი, რომელიც პროდუქტს ისე აჩვენებს, თითქოს მას ზემოდან უყურებ.
  • დაბალი რაკურსი, რომელიც პროდუქტს ისე აჩვენებს, თითქოს მას ქვემოდან უყურებ.
  • ჩიტის ფრენის სიმაღლიდან, რომელიც პროდუქტს ისე აჩვენებს, თითქოს მის ზემოთ დგახარ.

7. სურათების რეტუშირება

როდესაც გექნება საბოლოო სურათები, რომლებითაც კმაყოფილი ხარ, შეგიძლია გამოიყენო ფოტოების რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფა ნებისმიერი იმ დეტალის სარეტუშოდ, რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება, მაგალითად, ფონის აბსოლუტურ თეთრ ფერამდე გაღიავება.

ხელმისაწვდომია რეტუშირების სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა და შენი ფასების დიაპაზონის მიხედვით, შესაძლოა პროფესიონალის დაქირავება გერჩივნოს, რომელიც ამას შენ ნაცვლად გააკეთებს. ასევე შეგიძლია მოძებნო აპები Shopify App Store-ში ან დაიქირავო Shopify-ის პარტნიორი.

სურათის ფონის შესაცვლელად ან მისი განათების დასარეგულირებლად შეგიძლია გამოიყენო მედიის გენერირება ფაილის რედაქტორში.

8. შენი ვებსაიტისთვის სურათების ოპტიმიზაცია და ზომის შეცვლა

შესაძლოა სურათების რედაქტირების ინსტრუმენტის გამოყენება დაგჭირდეს, რათა აიღო შენი მაღალი ხარისხის ფოტოები, მოახდინო მათი ოპტიმიზაცია და შეცვალო მათი ზომა ვებისთვის. დიდმა სურათებმა შეიძლება გვერდის ჩატვირთვის დრო შეანელოს. სასურველია, სურათის ზომა არ აღემატებოდეს 200 კბ-ს, უფრო მცირე ზომა კი კიდევ უკეთესია.

ონლაინ ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინსტრუმენტი და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია ვებისთვის სურათების ოპტიმიზაციის მიზნით. ასევე შეგიძლია გამოიყენო აპი Shopify App Store-იდან, ან დაიქირავო Shopify-ის პარტნიორი დასახმარებლად.