SEO-სთვის საკვანძო სიტყვების დამატება შენს Shopify-ს მაღაზიაში
საკვანძო სიტყვები არის ის სიტყვები ან ფრაზები, რომლებსაც ადამიანები წერენ საძიებო სისტემებში (ასევე ცნობილია, როგორც საძიებო მოთხოვნები). მაგალითად, ადამიანმა შეიძლება მოძებნოს blue shoes in Canada. როგორც blue shoes, ისე Canada შეიძლება ჩაითვალოს ამ ძიებაში შემავალ საკვანძო სიტყვებად. იმისათვის, რომ შენი მაღაზია ძიების შედეგებში უფრო მაღლა გამოჩნდეს, უნდა განსაზღვრო ის საკვანძო სიტყვები, რომლებსაც შენი მომხმარებლები სავარაუდოდ გამოიყენებენ შენი პროდუქტების საპოვნელად და შეიტანო ეს საკვანძო სიტყვები შენს კონტენტში.
შეგიძლია გამოიყენო ონლაინ ინსტრუმენტები საკვანძო სიტყვების იდეების მოსაძიებლად და იმის გასაგებად, თუ რამდენ ყოველთვიურ ძიებას აგროვებს თითოეული საკვანძო სიტყვა. პრიორიტეტი მიანიჭე ისეთ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც სპეციფიკურია შენი პროდუქტებისა და ბიზნესისთვის და ამასთან, ხშირად იძებნება. გაითვალისწინე, რომ რაც უფრო მეტ ტრაფიკს იღებს შენი საკვანძო სიტყვები, მით მეტი კონკურენცია აქვს შენს მაღაზიას ძიებებში, ამიტომ შენი მაღაზია შეიძლება არ გამოჩნდეს ძიების შედეგების სათავეში.
არსებობს ოთხი ძირითადი ადგილი, სადაც შეგიძლია დაამატო საკვანძო სიტყვები შენი ონლაინ მაღაზიის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) გასაუმჯობესებლად:
- გვერდის სათაურები
- მეტა აღწერები
- ALT თეგები
- გვერდის ძირითადი კონტენტი
ამ გვერდზე
- გვერდის სათაურებისა და მეტა აღწერების შესახებ
- სათაურისა და მეტა აღწერის დამატება შენს გვერდებსა და მაღაზიაში
- რჩევები შენი გვერდის სათაურის თეგების გასაუმჯობესებლად
- დააყენე სურათის ალტერნატიული ტექსტი
- დაამატე საკვანძო სიტყვები გვერდის H1 თავსართში
- საკვანძო სიტყვების გამოყენება გვერდის კონტენტში
- ხშირად დასმული კითხვები
- საძიებო სისტემაში ლისტინგის ხარვეზების აღმოფხვრა
გვერდის სათაურებისა და მეტა აღწერების შესახებ
სათაურის თეგი და მეტა აღწერა SEO-ს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ისინი ნაჩვენებია საძიებო სისტემის შედეგებში და აწვდიან ინფორმაციას იმ ადამიანებს, რომლებიც შენს პროდუქტებთან დაკავშირებულ ნივთებს ეძებენ. კარგი სათაური და აღწერა უბიძგებს მომხმარებლებს, დააწკაპუნონ ძიების შედეგებში მოცემულ ბმულზე შენს მაღაზიაში გადასასვლელად.
გვერდის სათაური
სათაურის თეგი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ველი, რომლის რედაქტირებაც შეგიძლია ძიების შედეგებში გვერდის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. სათაური ნაჩვენებია როგორც დაწკაპუნებადი ბმული საძიებო სისტემის შედეგებში, ამიტომ სათაური ასევე მიმზიდველი უნდა იყოს პოტენციური მომხმარებლებისთვის.
შეგიძლია სათაურის თეგი SEO-სთვის შემდეგნაირად გააოპტიმიზო:
- გამოიყენე უნიკალური, აღწერილობითი სათაური.
- თითოეული გვერდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნობრივი საკვანძო სიტყვები სათაურის დასაწყისში შეიყვანე.
- შეიყვანე სათაური, რომელიც შედგება 60 ან ნაკლები სიმბოლოსგან. საძიებო სისტემების უმეტესობა ამოკლებს ვრცელ სათაურებს.
- დარწმუნდი, რომ შენი სათაურის თეგი ადვილად გასაგებია.
მეტა აღწერა
მეტა აღწერა არის მოკლე ტექსტი, რომელიც საძიებო სისტემის შედეგებში სათაურის თეგის შემდეგ ჩანს. Shopify-ში მეტა აღწერის დაყენება შესაძლებელია ვებგვერდებისთვის, პროდუქტის გვერდებისთვის, კოლექციის გვერდებისთვის და ბლოგპოსტებისთვის. დარწმუნდი, რომ თითოეულ გვერდს აქვს უნიკალური მეტა აღწერა, რომელიც იყენებს მარტივ და გასაგებ ენას. კარგი აღწერა წაახალისებს უფრო მეტ ადამიანს, რომ დააწკაპუნონ შენი მაღაზიის ბმულს.
სათაურისა და მეტა აღწერის დამატება შენი გვერდებისა და მაღაზიისთვის
შენს გვერდებსა და მაღაზიის მთავარ გვერდზე შეგიძლია დაამატო სათაური და მეტა აღწერა. გვერდის სათაურს და მეტა აღწერას აქვთ სიმბოლოების შემდეგი ლიმიტები:
- გვერდის სათაური: სათაურში შეგიძლია შეიყვანო 70-მდე სიმბოლო. იმისათვის, რომ საძიებო სისტემის შედეგებში სათაურები არ შემოკლდეს, ეცადე სათაური 60 სიმბოლომდე იყოს. შეიტყვეთ მეტი გვერდის სათაურების შესახებ.
- მეტა აღწერა: რეკომენდებულია აღწერაში გამოიყენო 160 სიმბოლო. აუცილებლად შეიყვანე შესაბამისი საკვანძო სიტყვები, რათა დაეხმარო ახალ მომხმარებლებს შენი გვერდის პოვნაში. გამოიყენე ბუნებრივი, მარტივად წასაკითხი ფრაზები და არა საკვანძო სიტყვების სიები. შეიტყვეთ მეტი მეტა აღწერების შესახებ.
თუ სიმბოლოების ლიმიტზე მეტ ტექსტს შეიყვან, მაშინ შენი გვერდის სათაური და აღწერა შემოკლდება საძიებო სისტემის შედეგებში.
სათაურის და მეტა აღწერის რედაქტირება გვერდისთვის
- Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: ონლაინ მაღაზია > გვერდები.
- დააწკაპუნე იმ გვერდზე, რომლის რედაქტირებაც გსურს.
- საძიებო სისტემის ლისტინგის გადახედვის სექციაში დააწკაპუნე ღილაკს: ვებსაიტის SEO-ს რედაქტირება.
- გვერდის სათაურის ველში შეიყვანე აღწერილობითი სათაური. ეს სათაური ნაჩვენებია, როგორც ბმული საძიებო სისტემის შედეგებში.
- აღწერის ველში შეიყვანე აღწერა საძიებო სისტემის ლისტინგისთვის.
- დააწკაპუნე ღილაკს: შენახვა.
შენი ონლაინ მაღაზიის მთავარი გვერდისთვის სათაურის და მეტა აღწერის დამატება
Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: ონლაინ მაღაზია > პრეფერენციები.
სექციაში: სოციალურ ქსელში გასაზიარებელი სურათი და SEO შეიყვანე სათაური და მეტა აღწერა შენი მაღაზიისთვის, SEO-ს საუკეთესო პრაქტიკის დაცვით.
დააწკაპუნე ღილაკს: შენახვა.
რჩევები შენი გვერდის სათაურის თეგების გასაუმჯობესებლად
იმისათვის, რომ გაზარდო შენი SEO ტრაფიკი და გააუმჯობესო შენი მაღაზიის ხილვადობა ძიების შედეგებში, შეგიძლია გააუმჯობესო შენი გვერდის სათაურის თეგები. გაეცანი შემდეგ ცხრილს, რომ შეიტყო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლია გააუმჯობესო შენი გვერდის სათაურის თეგები:
| რჩევა | აღწერა |
|---|---|
| ფოკუსირდი მთავარ საკვანძო სიტყვაზე | ფოკუსირდი უნიკალურ, აღწერილობით სათაურის თეგებზე, რომლებიც მოიცავენ შენს ყველაზე მნიშვნელოვან მიზნობრივ საკვანძო სიტყვებს. მაგალითად, Star Wars-ის თემატიკის პერანგებისთვის გამოიყენე Star Wars-ის ღილებიანი პერანგები და არა უბრალოდ Star Wars. |
| დაამატე მეორადი საკვანძო სიტყვა | გააუმჯობესე სათაურის თეგები მეორადი საკვანძო სიტყვების დართვით. გამოიყენე ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Google Search Console ეფექტიანი საკვანძო სიტყვების ინსაითებისთვის, ან Google Keyword Planner საკვანძო სიტყვების რჩევებისთვის. მაგალითად, განავრცე სექციური დივნები და აქციე ასეთად: მოდულური სექციური დივნები და სავარძლები, რათა ასევე მოიცვა მოდულური დივნები, მოდულური სავარძლები და სექციური სავარძლები. |
| გამოკვეთე პროდუქტის განსაკუთრებული მახასიათებლები | ხაზი გაუსვი პროდუქტის უნიკალურ მახასიათებლებს, რათა გამორჩეული იყო. მაგალითად, ცხოველებზე გამოუცდელი (cruelty-free) ტანის კარაქის შემთხვევაში გამოიყენე ტანის კარაქი - ნატურალური და ცხოველებზე გამოუცდელი და არა უბრალოდ ტანის კარაქი. |
| მიუთითე მიმზიდველი სარგებელი მომხმარებლისთვის | ნათლად წარმოაჩინე განსაკუთრებული უპირატესობები და დაამატე ნებისმიერი შესაბამისი შეზღუდვა გამჭვირვალობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, დაწკაპუნებების მოსაზიდად მამაკაცის ჯინსის შარვალი შეცვალე შემდეგით: მამაკაცის ჯინსის შარვალი - უფასო მიწოდება აშშ-ის შეკვეთებზე 60 $-დან. |
მეტის გასაგებად, გაეცანი ჩვენს სტატიას სათაურის ეფექტიანი თეგების დაწერის შესახებ.
დააყენე სურათის ალტ. ტექსტი
მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემებს შეუძლიათ წაიკითხონ ტექსტი შენს კონტენტში, მათ არ შეუძლიათ სურათების წაკითხვა. შეგიძლია გამოიყენო აღწერილობითი ალტერნატიული (ალტ.) ტექსტი, რათა დაეხმარო საძიებო სისტემებს შენი კონტენტის პოვნაში. ალტ. ტექსტი ასევე არის მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობის ფუნქცია მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის.
ალტ. ტექსტის დაწერისას, გამოიყენე საკვანძო სიტყვები იმ გვერდიდან, სადაც სურათია ნაჩვენები. გამოიყენე წასაკითხად მარტივი ფრაზები, რომლებიც ნათლად აღწერს, თუ რა არის ნაჩვენები სურათზე, და არა ის, რისი ფიქრიც გსურს ვინმეს სურათის შესახებ.
შეგიძლია დააყენო ალტ. ტექსტი პროდუქტის სურათისთვის, კოლექციის მთავარი სურათისთვის ან ბლოგპოსტის მთავარი სურათისთვის. პროდუქტის სურათის შემთხვევაში, პროცესი ოდნავ განსხვავდება დანარჩენი ორისგან.
ნაბიჯები:
Shopify-ს ადმინიდან გადადი აქ: პროდუქტები.
დააწკაპუნე პროდუქტზე, რომლის სურათის რედაქტირებაც გსურს.
დააწკაპუნე სურათზე, შემდეგ კი დააწკაპუნე ღილაკს: ალტ. ტექსტის რედაქტირება.
შეიყვანე აღწერილობითი ალტერნატიული ტექსტი სურათისთვის.
დააწკაპუნე ღილაკს: ალტ. ტექსტის შენახვა.
კოლექციის ან ბლოგპოსტის მთავარი სურათისთვის ალტ. ტექსტის დასაყენებლად:
- დააწკაპუნე კოლექციის ან ბლოგპოსტის სახელზე, რომლის რედაქტირებაც გსურს.
- სურათის ქვემოთ დააწკაპუნე ღილაკს განახლება, შემდეგ კი — სურათის რედაქტირება.
- შეიყვანე აღწერილობითი ალტერნატიული ტექსტი სურათისთვის.
- დააწკაპუნე ღილაკს: შენახვა.
დაამატე საკვანძო სიტყვები გვერდის H1 თავსართში
H1 თავსართი არის მთავარი სათაური გვერდის ზედა ნაწილში. როდესაც ქმნი პროდუქტის გვერდს, კოლექციის გვერდს, ვებგვერდს ან ბლოგპოსტს, შენ მიერ შეყვანილ სათაურს Shopify იყენებს გვერდის H1 თავსართის გენერირებისთვის. გვერდზე ყველაზე დიდი ზომის ტექსტი ხშირად არის H1 თავსართი და საძიებო სისტემები მას იყენებენ იმის დასადგენად, თუ რის შესახებაა გვერდის კონტენტი. გვერდის სათაურის შეყვანისას, მიუთითე შენი მთავარი საკვანძო სიტყვები, რათა H1 თავსართმა ავტომატურად მოიცვას ისინი.
ნაბიჯები:
- აირჩიე პროდუქტი, კოლექცია, ვებგვერდი ან ბლოგპოსტი, რომლის რედაქტირებაც გსურს.
- სათაურის ველში შეიყვანე აღწერილობითი სათაური, რომელიც მოიცავს შენს საკვანძო სიტყვებს.
- დააწკაპუნე ღილაკს: შენახვა.
საკვანძო სიტყვების გამოყენება გვერდის კონტენტში
როდესაც წერ კონტენტს პროდუქტის ან კოლექციის აღწერისთვის, ვებგვერდისთვის ან ბლოგპოსტისთვის, გამოიყენე წასაკითხად მარტივი, უნიკალური ფრაზები, რომლებიც მოიცავს შენს ზოგიერთ საკვანძო სიტყვას. საძიებო სისტემები ადარებენ გვერდის კონტენტს მის თავსართებს, რათა დარწმუნდნენ, რომ გვერდი მართლაც იმას ეხება, რასაც ამტკიცებს. როდესაც წერ პროდუქტის აღწერებს, მოერიდე მწარმოებლის მიერ მოწოდებული ტექსტის პირდაპირ კოპირებას, რადგან ეს აღწერა შესაძლოა უკვე გამოყენებული იყოს სხვა ვებსაიტების მიერ.
ფოკუსირდი ნაწერის ხარისხზე და არა რაოდენობაზე, მაგრამ გახსოვდეს, რომ საძიებო სისტემები იყენებენ უფრო ვრცელ კონტენტს შენი გვერდის უკეთ გასაგებად. დარწმუნდი, რომ თითოეულ გვერდს აქვს მინიმუმ 250 სიტყვიანი აღწერილობითი ტექსტი, ხოლო საინფორმაციო გვერდებსა და ბლოგპოსტებს აქვთ მინიმუმ 500 სიტყვა.
ხშირად დასმული კითხვები
რა ხდება მაშინ, როდესაც სათაურის თეგს ცარიელს ვტოვებ?
შენი თემა იყენებს შენი მაღაზიის სახელს, რომელსაც მოსდევს კონტენტის სათაური, ან კონტენტის სათაურს, რომელსაც მოსდევს შენი მაღაზიის სახელი. თუ სწორედ ამის გამოყენება გსურდა, სათაურის თეგის რედაქტირება საერთოდ არ არის საჭირო.
სად არის სათაურის თეგი ჩემს Shopify თემაში? ამისთვის ჩემი HTML გვერდების პირდაპირ რედაქტირება არ შემიძლია?
სათაურის თეგი შედის შენი Shopify თემის მხოლოდ ერთ ფაილში: theme.liquid. ფაილი theme.liquid გამოიყენება შენი ვებსაიტის ყველა გვერდზე. Liquid თეგი, რომელსაც გამოაქვს სათაურის თეგი შენს theme.liquid ფაილში, არის {{ page_title }}.
შენი ვებსაიტი არ შედგება სტატიკური HTML გვერდებისგან, რომელთა რედაქტირებაც ნაწილ-ნაწილ შეგიძლია. კონტენტი დინამიკურად გამოაქვს შესაბამის შაბლონს.
ჩემს თანამშრომელს სურს ჩემი ვებგვერდების პირდაპირ რედაქტირება, theme.liquid ფაილის ნაცვლად. როგორ მივიღო ჩემს ვებსაიტზე FTP წვდომა, რომ დავარედაქტირო თითოეული გვერდის HTML?
შენს ვებგვერდებზე FTP წვდომა არ არის. შენი სათაურის თეგის კოდი არის შენს theme.liquid ფაილში. კოდი არის head ელემენტის შიგნით, theme.liquid-ში. Liquid-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილე SEO-ს გზამკვლევი თემის დიზაინერებისთვის.
მე დავარედაქტირე ჩემი სათაურის თეგები. რატომ არ შემიძლია ჩემი ცვლილების ნახვა, როდესაც Google-ში შევდივარ?
შესაძლოა, რამდენიმე კვირა დაგჭირდეს ლოდინი, სანამ შენი ცვლილებები საძიებო სისტემის შედეგებში გამოჩნდება. საძიებო სისტემების მიერ შენი კონტენტის ქროულინგსა და ხელახლა ინდექსირებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
საძიებო სისტემების ლისტინგის ხარვეზების აღმოფხვრა
Google აჩვენებს გვერდის განსხვავებულ სათაურს ან აღწერას, ვიდრე მოსალოდნელი იყო
საძიებო სისტემებს, როგორებიცაა Google, შეუძლიათ გადაწერონ გვერდის სათაურები და მეტა-აღწერილობები გვერდის კონტენტისა და სხვა სიგნალების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგაც კი, რაც შენ განაახლებ SEO ველებს შენს Shopify-ს ადმინში, ტექსტი, რომელიც ნაჩვენებია ძიების შედეგებში, შეიძლება არ ემთხვეოდეს შენ მიერ შეყვანილს.
იმის დასადასტურებლად, რომ შენს გვერდს გამოაქვს სწორი მეტამონაცემები, გახსენი გვერდი შენს ბრაუზერში, დააწკაპუნე მარჯვენა ღილაკზე და აირჩიე View Page Source. მოძებნე <title> თეგი და <meta name="description"> თეგი წყაროს კოდის ზედა ნაწილთან. თუ ეს თეგები ემთხვევა იმას, რაც შეიყვანე Shopify-ს ადმინში, მაშინ შენი გვერდი სწორად არის კონფიგურირებული. ნებისმიერი განსხვავება, რომელსაც ძიების შედეგებში შეამჩნევ, გამოწვეულია საძიებო სისტემის მიერ ალტერნატიული ტექსტის ჩვენების არჩევით.
მას შემდეგ, რაც ცვლილებებს შეიტან, Google-ის მიერ გვერდის ხელახალი ქროულინგის დასაწყებად, გამოიყენე URL-ის ინსპექტირების ინსტრუმენტი Google Search Console-ში და მოითხოვე ამ გვერდის ინდექსირება. ძიების შედეგებში შენი ლისტინგის ხელახალი ქროულინგისა და განახლებისთვის Google-ს შესაძლოა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდეს.