SEO-ს მიმოხილვა

ინტერნეტში რაიმეს ძიებისას ბევრი ადამიანი იწყებს საძიებო სისტემით, როგორიცაა Google ან Bing. საძიებო სისტემები შექმნილია იმისათვის, რომ გამოიყენოს ვებსაიტებიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია კონკრეტული საძიებო მოთხოვნისთვის შედეგების რანჟირებული სიის შესაქმნელად. საძიებო სისტემები განსაზღვრავენ, თუ რომელი ვებსაიტებია საძიებო მოთხოვნასთან ყველაზე მეტად რელევანტური და შემდეგ აჩვენებენ შედეგებს მათი რელევანტურობის მიხედვით.

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) არის შენი ვებსაიტის კონტენტისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციის პრაქტიკა, საძიებო სისტემის შედეგებში მისი ხილვადობის გასაუმჯობესებლად. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებსაც შეუძლია შენი ონლაინ მაღაზიის რეიტინგი გაზარდოს საძიებო შედეგებში:

  • სხვა ვებსაიტებიდან შენს მაღაზიაზე გადმომავალი ბუნებრივი (არა ფასიანი ან სოციალური მედიის) ბმულების რაოდენობა
  • ვებსაიტის ავტორიტეტი, ჩართულობისა და სხვა ფაქტორების საფუძველზე
  • შენი დომენის სახელის ასაკი
  • ვებსაიტის სტრუქტურა და კონტენტი, რომელიც ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებისთვის

როდესაც ონლაინ გაყიდვებში დამწყები ხარ, შეიძლება რთული იყოს პირველი სამი ფაქტორისთვის ბევრის გაკეთება. შენი ბრენდისთვის რეპუტაციის შექმნას და სხვა საიტებიდან შენს საიტზე ბმულების მოპოვებას დრო სჭირდება. შეგიძლია გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვალო შენს კონტენტ-სტრატეგიაში.

მოკლევადიან პერსპექტივაში, შენს ონლაინ მაღაზიაში მეტი ტრაფიკის მიღების ყველაზე მარტივი გზაა კონტენტის ოპტიმიზაცია ისე, რომ საძიებო სისტემამ ის შენს პროდუქტებთან დაკავშირებული მოთხოვნებისთვის რელევანტურად აღიაროს. ამ კონტექსტში, რელევანტური ნიშნავს, რომ შენი კონტენტი ემთხვევა იმას, რასაც პოტენციური მომხმარებლები ეძებენ და უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ინფორმაციას. მაგალითად, თუ ყიდი ხელნაკეთ საპონს, მაშინ შენი კონტენტი რელევანტური იქნება, თუ ის გამოჩნდება საძიებო შედეგებში, როდესაც ვინმე ეძებს „ნატურალურ ხელნაკეთ საპონს“ (natural handmade soap) ან „აბაზანის ხელნაკეთ პროდუქტებს“ (artisanal bath products). კონტენტის საძიებო მოთხოვნებთან ამ თანხვედრას ვგულისხმობთ SEO-ში.

შეგიძლია გაანალიზო შენი ონლაინ მაღაზიის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია Shopify App Store-ში არსებული აპების გამოყენებით.

ძირითადი კონცეფციები და ტერმინოლოგია

SEO გეხმარება ორგანული ტრაფიკის მოზიდვაში შენი მაღაზიის საძიებო სისტემის მოთხოვნებთან და მომხმარებელთა მოლოდინებთან შესაბამისობაში მოყვანით. შემდეგი კონცეფციები აუცილებელია SEO-ს გასაგებად:

  • ორგანული ძიების შედეგები: ეს არის ბუნებრივი, არა ფასიანი ძიების ლისტინგი, რომელიც ჩნდება საძიებო მოთხოვნასთან მათი რელევანტურობისა და ვებსაიტის ავტორიტეტის საფუძველზე. ფასიანი რეკლამებისგან განსხვავებით, ორგანული შედეგების ყიდვა შეუძლებელია - ისინი უნდა მოიპოვო ძლიერი SEO პრაქტიკის მეშვეობით.

  • On-page SEO: მოიცავს ვებგვერდის იმ ინდივიდუალური ელემენტების ოპტიმიზაციას, რომლებსაც უშუალოდ აკონტროლებ, მათ შორის:

    • გვერდის სათაურები და მეტა აღწერილობები
    • სათაურის თეგები (H1, H2, H3)
    • URL-ის სტრუქტურა და შიდა ბმულები
    • სურათის ალტერნატიული ტექსტი და ფაილების სახელები
    • მაღალი ხარისხის, რელევანტური კონტენტი
    • საკვანძო სიტყვების განთავსება და სიმჭიდროვე
  • Off-page SEO: ეს არის გარე ფაქტორები, რომლებიც აყალიბებს შენი საიტის სანდოობასა და ავტორიტეტს, როგორიცაა:

    • უკუბმულები სანდო ვებსაიტებიდან
    • სოციალურ მედიაში გაზიარებები და ჩართულობა
    • ბრენდის მოხსენიება ინტერნეტში
    • ონლაინ მიმოხილვები და შეფასებები
    • სტუმრის პოსტები დარგობრივ ბლოგებზე
  • ტექნიკური SEO: ის ფოკუსირდება ვებსაიტის ტექნიკურ ბაზაზე, რათა დაეხმაროს საძიებო სისტემებს შენი კონტენტის ეფექტურ ქროულინგსა და ინდექსირებაში:

    • საიტის სიჩქარე და ეფექტურობა
    • მობილურ მოწყობილობებთან თავსებადობა
    • XML საიტის რუკები
    • Robots.txt-ის კონფიგურაცია
    • SSL სერტიფიკატები (HTTPS)
    • სტრუქტურირებული მონაცემების მარკირება
  • ძიების განზრახვა: ეს აღწერს, რის მიღწევას ცდილობენ მომხმარებლები თავიანთი საძიებო მოთხოვნით:

    • საინფორმაციო: სურთ გაეცნონ თემას („როგორ გავაკეთოთ საპონი“)
    • ნავიგაციური: ცდილობენ კონკრეტული ვებსაიტის პოვნას („Shopify-ში შესვლა“)
    • ტრანზაქციული: მზად არიან შესყიდვისთვის („ხელნაკეთი საპნის ყიდვა“)
    • კომერციული კვლევა: ინფორმაციის მოძიება ყიდვამდე („საუკეთესო ხელნაკეთი საპნის ბრენდები“)

გააუმჯობესე შენი SEO

საძიებო სისტემებისთვის შენი ონლაინ მაღაზიის ოპტიმიზაციისთვის შეგიძლია მიჰყვე ამ ძირითად ნაბიჯებს:

  1. იპოვე საკვანძო სიტყვები, რომლებიც რელევანტურია შენი პროდუქტებისა და ბრენდისთვის. გაითვალისწინე საძიებო ტერმინები, რომლებსაც მომხმარებლები შენი მაღაზიის საპოვნელად გამოიყენებენ.

  2. დაამატე საკვანძო სიტყვები შენს კონტენტში, მათ შორის, გვერდის სათაურებში, აღწერილობებსა და სურათის ალტერნატიულ ტექსტში.

  3. დარწმუნდი, რომ შენი URL-ები და ფაილების სახელები შეესაბამება კონტენტს.

  4. დაამატე შენი სრული დომენი (მაგალითად: https://www.example.com/sitemap.xml) Google Search Console-ში, რათა მოხდეს შენი ონლაინ მაღაზიის ვებსაიტის ეფექტური ქროულინგი და ინდექსირება.

  1. შექმენი კონტენტი, რომელიც შენი პროდუქტებისთვის რელევანტურია, და წაახალისე სხვა ვებსაიტები, მიუთითონ შენი ონლაინ მაღაზიის ბმული.

საიტის სტრუქტურისა და ნავიგაციის ოპტიმიზაცია SEO-სა და მომხმარებლის გამოცდილებისთვის

კარგად ორგანიზებული საიტის სტრუქტურა ეხმარება როგორც საძიებო სისტემებს, ისე მომხმარებლებს, სწრაფად იპოვონ ის, რასაც ეძებენ. შენი მაღაზიის ნავიგაცია უნდა მიჰყვებოდეს ლოგიკურ იერარქიას და იყენებდეს ნათელ, აღწერილობით სახელწოდებებს.

საიტის კარგი სტრუქტურის შესაქმნელად მნიშვნელოვანია შემდეგი ელემენტები:

  • ააგე შენი საიტის სტრუქტურა იერარქიული დონეებით, რომლებიც მიდის ყველაზე ზოგადიდან ყველაზე კონკრეტული კონტენტისკენ — დაწყებული მთავარი გვერდიდან უმაღლეს დონეზე, შემდეგ კოლექციების გვერდებით და დასრულებული ინდივიდუალური პროდუქტის გვერდებით ყველაზე დაბალ დონეზე (მთავარი გვერდი > კოლექციები > პროდუქტები)
  • გამოიყენე შიდა ბმულები დაკავშირებული პროდუქტების ან კოლექციების დასაკავშირებლად ლოგიკური მიმართების მქონე გვერდებს შორის ბმულების დამატებით (მაგალითად, ზამთრის ქურთუკის პროდუქტის გვერდის დაკავშირება ზამთრის აქსესუარების კოლექციასთან)
  • შექმენი აღწერილობითი, დეფისებით გამოყოფილი URL-ები (მაგალითად, /collections/organic-skincare)

კონტენტის ოპტიმიზაციის საუკეთესო პრაქტიკა

რეკომენდებული პრაქტიკა შენს ონლაინ მაღაზიაში ძირითადი SEO ელემენტების ოპტიმიზაციისთვის
ელემენტისაუკეთესო პრაქტიკადანერგვა Shopify-ის მეშვეობით
სათაურის თეგი60 სიმბოლოზე ნაკლები, უნდა მოიცავდეს მთავარ საკვანძო სიტყვასშეასწორე აქედან: ონლაინ მაღაზია > პრეფერენციები
მეტა აღწერილობა160 სიმბოლოზე ნაკლები, ბუნებრივად უნდა შეიცავდეს საკვანძო სიტყვებსმოარგე პროდუქტის ან ბლოგის SEO პარამეტრებში
სათაურებიგამოიყენე H1 გვერდის სათაურებისთვის, ხოლო H2 და H3 ქვესათაურებისთვისShopify-ის მიერ შექმნილი თემები აგებულია ამ პრაქტიკის გათვალისწინებით
ალტ. ტექსტიაღწერე სურათები ლაკონიურად (მაგალითად, „მამაკაცის წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი“)დაამატე მედიის ბიბლიოთეკის გამოყენებით

ტექნიკური ოპტიმიზაცია

Shopify ავტომატურად ასრულებს ბევრ ტექნიკურ SEO ოპტიმიზაციას, როგორიცაა საიტის რუკებისა და სტრუქტურირებული მონაცემების გენერირება. თუმცა, მაინც არის გარკვეული ტექნიკური ასპექტები, რომლებსაც შეგიძლია დააკვირდე და მოახდინო მათი ოპტიმიზაცია. აი, ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა ფოკუსირდე:

  • გადახედე შენი საიტის ეფექტურობას Google Search Console-ში
  • დააკვირდი გვერდის სიჩქარეს ჩაშენებული ანალიტიკის გამოყენებით
  • დააყენე 301 გადამისამართება პროდუქტების გადატანის ან გაუქმების დროს

ჩაშენებული SEO ფუნქციები Shopify-ში

Shopify-ის ონლაინ მაღაზიებს ჩაშენებული აქვთ SEO ფუნქციები, რომლებიც გეხმარება კონტენტის ოპტიმიზაციაში. შემდეგი SEO ელემენტები სრულდება ავტომატურად:

  • გვერდებს ემატება ავტომატურად გენერირებული კანონიკური თეგები საძიებო შედეგებში დუბლირებული კონტენტის გამოჩენის თავიდან ასაცილებლად
  • შენი ვებსაიტის sitemap.xml და robots.txt ფაილები გენერირდება ავტომატურად
  • თემები ავტომატურად აგენერირებს სათაურის თეგებს, რომლებიც მოიცავს შენი მაღაზიის სახელს
  • თემებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სოციალური მედიის ბმულებისა და გაზიარების ვარიანტები, რათა გაგიმარტივდეს შენი მაღაზიის მარკეტინგი
  • უსაფრთხოებისა და რეიტინგების ასამაღლებლად, ნაგულისხმევად გააქტიურებულია SSL სერტიფიკატები

შენ ასევე შეგიძლია ხელით მოახდინო შენი კონტენტის ოპტიმიზაცია Shopify-ში ჩაშენებული ამ ფუნქციების გამოყენებით:

ინდუსტრიის ძირითადი ტრენდები და Shopify-ს ფუნქციები

SEO-ს ტრენდების შესახებ ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია შენი მაღაზიის ძიებაში ხილვადობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის. საძიებო სისტემების განვითარებასთან და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებასთან ერთად, SEO-ს სტრატეგიის ადაპტირება ეხმარება შენს პროდუქტებს, დარჩეს მარტივად მოსაძებნი.

ხმოვანი ძიების ოპტიმიზაცია გეხმარება ტრაფიკის მიღებაში ხმოვანი მოწყობილობებიდან და ვირტუალური ასისტენტებიდან. ფოკუსირდი ბუნებრივ, სასაუბრო ფრაზებზე, რომლებიც შეესაბამება ადამიანების საუბრის მანერას და არა ბეჭდვისას. მიზნად დაისახე გრძელი საკვანძო სიტყვები, რომლებიც კონკრეტულ კითხვებს პასუხობს, მაგალითად: „სად შემიძლია ვიყიდო ეკოლოგიურად სუფთა იოგას საგებები?“ ეს დაეხმარება შენს კონტენტს, დაემთხვეს ხმოვან მოთხოვნებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, უფრო გრძელი და კითხვებზე დაფუძნებულია, ვიდრე აკრეფილი ძიებები.

სტრუქტურირებული მონაცემების იმპლემენტაცია ჩაშენებულია Shopify-ს თემებში, რათა დაეხმაროს საძიებო სისტემებს შენი კონტენტის უკეთ გაგებაში. თემები ავტომატურად მოიცავს პროდუქტების სქემის მარკირებას, რაც რთული სნიპეტების (rich snippets) ძიების შედეგებში ასახვას უზრუნველყოფს. ამ გაუმჯობესებულ საძიებო ლისტინგებს შეუძლია, პირდაპირ ძიების შედეგებში აჩვენოს ისეთი დეტალები, როგორიცაა ფასები, მიმოხილვები და ხელმისაწვდომობა, რამაც შეიძლება პოტენციურად გააუმჯობესოს დაწკაპუნების მაჩვენებელი (CTR) და ხილვადობა.

Off-page SEO

Off-page SEO ფოკუსირდება ინტერნეტში შენი ბრენდის წარმომადგენლობისა და ავტორიტეტის შექმნაზე. On-page ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია, ხოლო საძიებო სისტემები ასევე აფასებენ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ და უთითებენ სხვა ვებსაიტები შენს მაღაზიაზე, რათა განსაზღვრონ რეიტინგები.

აქ მოცემულია off-page წარმომადგენლობის შექმნის ძირითადი გზები:

  • ბექლინკები (Backlinks): დაამყარე ურთიერთობები ინფლუენსერებთან, ბლოგერებსა და ინდუსტრიის პუბლიკაციებთან, რომლებსაც შეუძლიათ შენი პროდუქტების მიმოხილვა და შენს მაღაზიაზე ბმულის მითითება. ფოკუსირდი ხარისხზე და არა რაოდენობაზე — რამდენიმე ბმული შენს ნიშაში არსებული პატივსაცემი საიტებიდან უფრო ღირებულია, ვიდრე ბევრი დაბალხარისხიანი ბმული. განიხილე დაკავშირება:

    • ინდუსტრიის ბლოგერები, რომლებიც შენს პროდუქტებთან დაკავშირებულ თემებზე წერენ
    • ინფლუენსერები, რომელთა აუდიტორიაც შენს მიზნობრივ ბაზარს შეესაბამება
    • შემავსებელი ბიზნესები ერთობლივი მარკეტინგის შესაძლებლობებისთვის
    • ინდუსტრიის შესაბამისი დირექტორიები და რესურსების სიები
  • ლოკალური SEO: თუ გაქვს ფიზიკური მაღაზიის მდებარეობა, შექმენი და გააოპტიმიზირე შენი Google-ის ბიზნესპროფილი, რათა ის გამოჩნდეს ლოკალური ძიების შედეგებში და შენმა მაღაზიამ შეძლოს შემდეგი ფუნქციების გამოყენება:

    • გამოჩენა ძიებებში „ჩემთან ახლოს“
    • მაღაზიის სამუშაო საათების, სურათებისა და მომხმარებელთა მიმოხილვების ჩვენება
    • მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და მასზე პასუხი
    • ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ სიახლეების გაზიარება
    • შენს ლოკალურ არეალში არსებულ მომხმარებლებთან დაკავშირება
  • სოციალური სიგნალები: მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ მოქმედებს რეიტინგზე, აქტიურ სოციალური მედიის პროფილებს შეუძლია:

    • შენს მაღაზიაში რეფერალური ტრაფიკის მოზიდვა
    • ბრენდის ცნობადობის გაზრდაში დახმარება
    • შესაძლებლობების შექმნა ბმულების ბუნებრივად მოსაპოვებლად
    • მომხმარებელთა ჩართულობისთვის პლატფორმების უზრუნველყოფა

ბმულების მოპოვება (Link building) და ბექლინკები

Link building (ბმულების მოპოვება) ნიშნავს სხვა ვებსაიტებზე ისეთი ჰიპერბმულების განთავსებას, რომლებიც შენს საიტზე გადმოდის, ასევე შენსავე ვებსაიტზე გარე ან შიდა ბმულების განვითარებას. ბექლინკები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც შემომავალი ბმულები, შენი SEO-ს სტრატეგიის ძირითადი ნაწილია და საძიებო სისტემების მიერ ფასდება. როდესაც სანდო საიტი უთითებს შენს ბმულს, ეს საძიებო სისტემებს ანიშნებს, რომ შენი ვებსაიტი ღირებული და სანდოა.

რჩევები ბმულების მოპოვებისა და ბექლინკების მიღებისთვის

გადახედე ბმულების მოპოვებისა და ბექლინკების მიღების შემდეგ რჩევებსა და საუკეთესო პრაქტიკას:

  • სტუმრის პოსტები (Guest posting): შესთავაზე შენი კონტენტი სხვა ვებსაიტს ან ბლოგს შენს საიტზე შემომავალი ბმულის სანაცვლოდ. მაგალითად, მოდის ბრენდის მფლობელმა შეიძლება დაწეროს სტუმრის პოსტი ცნობილი მოდის ჟურნალისთვის, სადაც მითითებული იქნება თავისი მაღაზიის ბმული.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR): დაუკავშირდი ჟურნალისტებს, მწერლებს და ბიზნესის მფლობელებს შენს ვებსაიტზე ახალი ბმულების მისაღებად. გააზიარე შენი ბრენდის შესახებ საინტერესო სიახლეები, როგორიცაა პროდუქტის გაშვება ან ღონისძიებები.
  • ლისტინგები: დაამატე შენი ბიზნესი შენი ინდუსტრიისთვის რელევანტურ ლოკალურ დირექტორიებში. ამ ლისტინგებს შეუძლია უზრუნველყოს ღირებული ბექლინკები და დაგეხმაროს ლოკალურ SEO-ში.
  • ნეთვორქინგი (Networking): ჩაერთე ინდუსტრიისთვის რელევანტურ ფორუმებში, ბლოგებსა და საზოგადოებებში. გააზიარე შენი ბმული იქ, სადაც ის ღირებულებას ქმნის, მაგრამ მოერიდე სპამურ ტაქტიკებს. სოციალურმა გაზიარებებმა შეიძლება პირდაპირ არ იმოქმედოს SEO-ზე, მაგრამ მათ შეუძლიათ გაზარდონ ბრენდის ცნობადობა და მოგიტანონ უფრო მეტი ნამდვილი ბმული.
  • შიდა ბმულები: მიუთითე შენივე ვებსაიტის სხვა გვერდების ბმულები, რათა ხელი შეუწყო ინფორმაციის იერარქიის ჩამოყალიბებას და ბმულების წონის (link equity) განაწილებას. მაგალითად, ბლოგპოსტიდან მიუთითე შესაბამის პროდუქტზე ან კოლექციის გვერდზე.

ფოკუსირდი ხარისხზე და არა რაოდენობაზე. დაბალხარისხიანმა ბმულებმა ან სისტემის მოტყუების მცდელობამ შეიძლება დააზიანოს შენი SEO. ყოველთვის ეცადე, მოიპოვო ნამდვილი, რელევანტური ბმულები ავტორიტეტული წყაროებიდან.

SEO-ს გავრცელებული გადაწყვეტილებების მაგალითები

რადგან SEO-ს კონცეფციები საკმაოდ ტექნიკურია, შეიძლება სასარგებლო იყოს სცენარებისა და შემოთავაზებული გადაწყვეტილებების რამდენიმე მაგალითის განხილვა.

მაგალითი: მდგრადი შალის საბნების რეიტინგის გაუმჯობესება

როდესაც შენი პროდუქტის გვერდი არ იკავებს მაღალ პოზიციას ისეთი კონკრეტული საკვანძო სიტყვისთვის, როგორიცაა „მდგრადი შალის საბნები“, გჭირდება მრავალმხრივი მიდგომა. დაიწყე შენი on-page ელემენტების ოპტიმიზაციით — შეიყვანე საკვანძო სიტყვა ბუნებრივად შენი პროდუქტის სათაურში, მეტა აღწერასა და მთელ პროდუქტის აღწერაში. აუცილებლად გაუსვი ხაზი შენი შალის საბნების მდგრად მახასიათებლებს და იმას, თუ რა ხდის მათ უნიკალურს.

შემდეგ, შექმენი დამხმარე კონტენტი, რომელიც აჩვენებს შენს ექსპერტიზას პროდუქტის სფეროში. ისეთი ბლოგპოსტების დაწერა, როგორიცაა „როგორ მოვიხდინოთ შალის საბნები ზამთარში“ ან „მდგრადი შალის ეკოლოგიური სარგებელი“, გეხმარება თემატური ავტორიტეტის დამკვიდრებაში. ამ კონტენტს შეუძლია შიდა ბმულებით დაუკავშირდეს შენს პროდუქტის გვერდებს, ამავდროულად კი დამიზნებული იყოს დაკავშირებულ გრძელ საკვანძო სიტყვებზე.

საბოლოოდ, ფოკუსირდი მაღალი ხარისხის ბექლინკების მოპოვებაზე შესაბამისი ვებსაიტებიდან. დაუკავშირდი ეკოლოგიური ცხოვრების სტილის ბლოგერებს და მდგრადობაზე ორიენტირებულ პუბლიკაციებს, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ შენი მდგრადი შალის საბნების განთავსებით. განიხილე ნიმუშების შეთავაზება ობიექტური მიმოხილვებისთვის ან ითანამშრომლე კონტენტზე მდგრადი საყოფაცხოვრებო ნივთების შესახებ.

მაგალითი: საიტის უკეთესი სტრუქტურისთვის ჩამოსაშლელი მენიუების დაყენება

როდესაც ბევრი პროდუქტი გაქვს სხვადასხვა კატეგორიაში, მათი ორგანიზება მკაფიო ნავიგაციის სტრუქტურად მნიშვნელოვანია SEO-სთვის. საძიებო სისტემები აფასებენ კარგად ორგანიზებულ კონტენტს, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს სასურველის პოვნაში. ჩამოსაშლელ მენიუებს შეუძლია გააუმჯობესოს შენი საიტის სტრუქტურა ისე, რომ ნავიგაცია სუფთა და მარტივი დარჩეს.

ნაბიჯები:

  1. Shopify-ს ადმინიდან გადადი კონტენტი > მენიუები განყოფილებაში
  2. დააწკაპუნე შენს მთავარ მენიუს
  3. შექმენი ზედა დონის მენიუს პუნქტი შენი მთავარი კატეგორიისთვის (მაგალითად, „ტანსაცმელი“)
  4. დაამატე ქვემენიუს პუნქტები მენიუს პუნქტის დამატება ღილაკზე დაწკაპუნებით და პროდუქტის ან კოლექციის სახელების შეყვანით
  5. გადაიტანე ქვემენიუს პუნქტები მთავარი კატეგორიის ქვემოთ, რათა შექმნა ჩამოსაშლელი
  6. გამოიყენე აღწერილობითი სახელები, რომლებიც შესაბამის საკვანძო სიტყვებს შეიცავს
  7. დასრულების შემდეგ დააწკაპუნე მენიუს შენახვა

ეს იერარქიული სტრუქტურა ეხმარება როგორც მომხმარებლებს, ასევე საძიებო სისტემებს შენს გვერდებს შორის კავშირის გაგებაში. მაგალითად, „ქალის კაბები“-ს ჩასმა „ტანსაცმელი“-ს ქვეშ საძიებო სისტემებს ანიშნებს, რომ ეს გვერდები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც პოტენციურად აუმჯობესებს შესაბამისი ძიებების რეიტინგებს.

მეტი რესურსი

SEO-ს შესახებ მეტის გასაგებად, გაეცანი SEO მარკეტინგს Shopify ბლოგზე და SEO-ს საკონტროლო სიას Learn with Shopify YouTube არხზე.

შეგიძლია, ასევე, დაათვალიერო Shopify-ს ფორუმები Shopify Community-ში, რათა იპოვო და განიხილო SEO-ს თემები აპის დეველოპერებთან, თემების დეველოპერებთან და Shopify-ს მაღაზიის სხვა მფლობელებთან ერთად.

ტრაფიკის მოზიდვა SEO-ს გასაუმჯობესებლად

SEO და ტრაფიკის გენერირება ერთმანეთთანაა დაკავშირებული - მეტ ვიზიტორს შეუძლია შენი ძიების რეიტინგის გაუმჯობესება, ხოლო უკეთეს რეიტინგს მეტი ორგანული ტრაფიკი მოაქვს. თუ შენი მაღაზია თვეში 1000-ზე ნაკლებ ვიზიტორს იღებს, ფოკუსირდი ამ სტრატეგიებზე იმპულსის მოსაპოვებლად:

სოციალური მედია და კონტენტ მარკეტინგი

სოციალურ მედიაში აქტიური ყოფნა გეხმარება ტრაფიკის მოზიდვაში და ქმნის ბუნებრივი ბმულების შექმნის შესაძლებლობებს:

  • შეიმუშავე კონტენტის კალენდარი: დაგეგმე რეგულარული პოსტები, რომლებიც აჩვენებს შენს პროდუქტებს და ღირებულებას სთავაზობს შენს აუდიტორიას
  • ჩაერთე ავთენტურად: მიიღე მონაწილეობა შენი ინდუსტრიისთვის რელევანტურ საუბრებში, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ პროდუქტების პოპულარიზაცია მოახდინო
  • კროს-პლატფორმული წარმომადგენლობა: განიხილე მრავალი პლატფორმა, სადაც შენი მიზნობრივი აუდიტორია აქტიურია
  • მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი: წაახალისე მომხმარებლები, რომ გააზიარონ შენი პროდუქტების ფოტოები და შეფასებები

ინფლუენსერებთან პარტნიორობა და აუტრიჩი

შენს ინდუსტრიაში სხვებთან თანამშრომლობას შეუძლია გააფართოოს შენი წვდომა:

  • მიკრო-ინფლუენსერები: ითანამშრომლე მცირე ინფლუენსერებთან, რომელთა აუდიტორიაც ემთხვევა შენს მიზნობრივ ბაზარს
  • პროდუქტის შეფასებები: შესთავაზე უფასო პროდუქტები რელევანტური ბლოგერებისგან ან კონტენტის შემქმნელებისგან გულწრფელი შეფასებების სანაცვლოდ
  • ჯვარედინი პოპულარიზაცია: ითანამშრომლე ურთიერთშემავსებელ ბიზნესებთან ორმხრივი პოპულარიზაციისთვის
  • ადგილობრივი კავშირები: თუ ფიზიკური ლოკაცია გაქვს, გაუწიე პოპულარიზაცია შენს ვებსაიტს მაღაზიაში და დაუკავშირდი ადგილობრივ ბიზნესებს

ანალიტიკა და გაზომვა

შენი მიმდინარე ეფექტურობის გაგება გეხმარება მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რაზე მოახდინო ძალისხმევის ფოკუსირება:

  • ტრაფიკის წყაროები: თვალი ადევნე, საიდან მოდიან შენი ვიზიტორები, რათა წარმატებული არხები გამოავლინო
  • კონვერსიის თვალის დევნება: გაიგე, რომელი ტრაფიკის წყაროებს მივყავართ რეალურ გაყიდვებამდე
  • სეზონური კანონზომიერებები: გამოავლინე ტრენდები შენს ბიზნესში მარკეტინგული ძალისხმევის დასაგეგმად
  • მიზნების დასახვა: გამოიყენე წარსული ეფექტურობის მონაცემები ზრდის რეალისტური მიზნების დასასახად

ეს სტრატეგიები საუკეთესოდ მუშაობს, როდესაც შერწყმულია გვერდის შიდა SEO-ს ძლიერ საფუძვლებთან. ფოკუსირდი შენი აუდიტორიისთვის ნამდვილი ღირებულების შექმნაზე და დროთა განმავლობაში ტრაფიკიც და საძიებო სისტემაში რეიტინგიც გაუმჯობესდება.